შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ-ს სურს, რუსეთი იმდენად დასუსტებული იხილოს, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს ხანმოკლე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს საჭირო მხარდაჭერით.
"ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც შეძლებს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დაცვას, გვინდა, რუსეთი იმდენად დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა. გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის იმის რწმენა, რომ მოგება შესაძლებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ მოიგონ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, საჭირო მხარდაჭერა და ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია", - განაცხადა ოსტინმა.
შეგახსენებთ, 24 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ.
საუბარია ახალი 713-მილიონიან პაკეტზე, საიდანაც 322 მილიონი დოლარი კიევს გადაეცემა, დანარჩენი კი - იმ 15 ქვეყანას, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს, რათა მათ საკუთარი არსენალში არსებული დეფიციტი აინაზღაურონ.
24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ უკვე 3,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.