საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა საჰიბა გაფაროვა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რაზეც მან მზაობა გამოთქვა.
"მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე. წელს საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დონის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის მნიშვნელობას, რასაც უთუოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ხშირად განხორციელება.
მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენი რეგიონის რეალური განვითარებისა და კულტურული, ეკონომიკური, თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის, საჭიროა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარება.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ქვეყნისათვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა", - ნათქვამია ორბელიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.