მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა კანონს გეორგიევსკის ლენტისა და Z და V სიმბოლოების აკრძალვის თაობაზე.
მანამდე, გასულ კვირას აღნიშნული კანონპროექტი მოლდოვის პარლამენტმა დაამტკიცა.
მაია სანდუს განცხადებით, გეორგიევსკის ლენტის აკრძალვა ხელს არ შეუშლის დაღუპული გმირების ხოვნის პატივისცემასა და ნაციზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას.
"დღეს მე ხელი მოვაწერე კანონს, რომელიც კრძალავს მოლდოვაში აგრესიის გამაღვივებელი სიმბოლოების გამოყენებას. კანონი ძალაში შევა მისი გამოქვეყნების მომენტიდან", - განაცხადა სანდუმ.
პრეზიდენტ სანდუს განცხადებით, გეორგიევსკის ლენტი შესაძლოა, მოლდოვის საზოგადოებაში მტრობისა და სიძულვილის დასათესად იქნეს გამოყენებული, ამიტომ მისი ტარებისთვის სანქციები დაწესდება.
"ასეთი სიმბოლოების ადგილი ისტორიის სანაგვეზეა", - დასძინა სანდუმ.
"სიმბოლოები მნიშვნელობას იცვლიან კონტექსტიდან გამომდინარე, დღეს ეს სიმბოლოები არ აღნიშნავს ომს, რომელიც 70 წლის წინ იყო, ისინი ასოცირდებიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან. არავინ კრძალავს 9 მაისის აღნიშვნას, ამ ომის [მეორე მსოფლიო ომის] მსხვერპლთა ხსოვნას პატივი უნდა ვცეთ", - თქვა მაია სანდუმ.