ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოელის, რომ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი შესაძლოა შეიცავდეს შემზღუდველ ზომებს რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, "სბერბანკის" წინააღმდეგ და ასევე, რუსული ნავთობის ემბარგოს მექნიზმს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების მეექვსე პაკეტის თაობაზე გერმანულ გამოცემა Bild-თან ისაუბრა.
"ჩვენ განვიხილავთ ზომებს რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ, განსაკუთრებით "სბერბანკს", რომელიც ამ სექტორის 37%-ს შეადგენს. და რაღა თქმა უნდა, ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს", - თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია ამჟამად მუშაობს მექანიზმეს, რათა ნავთობის ემბარგოც შევიდეს სანქციების შემდგომ პაკეტში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დაიცვა გერმანიის მთავრობა ბრალდებებისგან, რომ ის ანელებს რუსეთისთვის შეზღუდვების შემოღების საკითხს.
"გერმანია დათანხმდა ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სანქციების ხუთივე პაკეტს 48 საათის განმავლობაში", - თქვა ფონ დერ ლაიენმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არასდროს მოქმედებდა ასე ერთიანად, მტკიცედ და ენერგიულად, როგორც ახლა.
"და ბერლინმა შეასრულა თავისი როლი ამაში", - დასძინა მან.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ მოსკოვის მიმართ დაწესებული სადამსჯელო ზომები უკვე ახდენს გავლენას რუსეთზე.
"სანქციები ყოველკვირეულად უფრო ღრმად აღწევს რუსეთის ეკონომიკაში", - თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთში ექსპორტი 70%-ით შემცირდა, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით შემცირდება, დეფოლტი კი მხოლოდ დროის საკითხია.
"ამ ომით პუტინი ანადგურებს საკუთარ ქვეყანას და მისი ხალხის მომავალს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი 8 აპრილს დაამტკიცა.