ევროკავშირის საბჭომ, კრემლის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა.
სადამსჯელო ზომების მეხუთე პაკეტი პარასკევს, 8 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს.
მეხუთე პაკეტის თანახმად, ევროკავშირი 2022 წლის აგვისტოდან აწესებს ემბარგოს რუსეთიდან ნახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის იმპორტზე. გარდა ამისა, ბრიუსელი კრძალავს რუსეთის ფედერაციისთვის მაღალტექნოლოგიური საქონლის მიწოდებას.
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებსა და რუსეთის გემებს ეკრძალებათ ევროკავშირის პორტებში შესვლა, გარდა გემებისა, რომლებიც დატვირთულნი არიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, საკვებით, ჰუმანიტარული დახმარებითა და ენერგომატარებლებით.
ასევე აკრძალულია ევროკავშირში რუსული და ბელარუსული საგზაო სატრანსპორტო კომპანიების საგზაო ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა, მათ შორის ტრანზიტი. გამონაკლისს წარმოადგენს მთელი რიგი პროდუქციის - ფარმაცევტული, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო, ასევე ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირება.
გარდა ამისა, სანქციები ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობის შემდგომ შეზღუდვებს. კერძოდ, საუბარია რუსეთის ფედერაციაში რეაქტიული ძრავების, კვანტური კომპიუტერების, ნახევარგამტარების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო აღჭურვილობის ექსპორტზე, რომლის მოცულობა 10 მილიარდ ევროს შეადგენს.
იზღუდება რეაქტიული საწვავის, ასევე კვანტური კომპიუტერების, მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკის, სატრანსპორტო აღჭურვილობის ექსპორტი. იკრძალება ისეთი პროდუქტების იმპორტი, როგორიცაა ხის მასალა, ცემენტი, ფერტილაიზერები, ზღვის პროდუქტები და ალკოჰოლური სასმელები.
ამას გარდა, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება "შავ სიაში" შეიყვანოს ის კომპანიები, რომელთა პროდუქციამ ან ტექნოლოგიებმა შეასრულეს როლი რუსეთის ინტერვენციაში, ასევე ოლიგარქები, ბიზნესმენები, მაღალჩინოსნები, პროპაგანდისტები, ასევე უკვე სანქცირებული პირების ოჯახის წევრები.
ამას გარდა, ტრანზაქციები სრულად იკრძალება რუსეთის ოთხ წამყვან ბანკთან, რომლებზეც მოდის რუსეთის მთლიანი საბანკო სექტორის წილის 23%.
სანქციების მე-5 პაკეტი ოფიციალურად ევროკავშირის ჟურნალში დღეს, მოგვიანებით გამოქვეყნდება.