პაკისტანის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური პარტია "პაკისტანის მუსლიმთა ლიგის" ლიდერი შაჰბაზ შარიფ აირჩია.
მთავრობის მეთაურის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა, უნდობლობის გამოცხადების გზით, პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი თანამდებობიდან გადააყენა.
70 წლის შარიფი არის პაკისტანის სამგზის პრემიერ მინისტრის ნავაზ შარიფის უმცროსი ძმა.
შაჰბაზ შარიფი 1990 წელს აირჩიეს ეროვნულ ასამბლეაში. მოგვიანებით, შარიფი პაკისტანში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქვეყნიდან გაიქცა და მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ, 2007 წელს დაბრუნდა სამშობლოში.
შეგახსენებთ, 9 აპრილს, პაკისტანის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს და თანამდებობიდან გადააყენა.
იმრან ხანი, კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავი, 2018 წლიდან იკავებდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ის ამომრჩევლებს კორუფციის აღმოფხვრასა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას ჰპირდებოდა, თუმცა ბევრი პაკისტანელი ფიქრობს, რომ ხანმა ვერცერთი დაპირება შეასრულა.
იმრან ხანი ირწმუნებოდა, რომ მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, ოპოზიციური პარტიები სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობდნენ. კერძოდ, ხანი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას მისი ჩამოშორება სურდა, რადგან ვაშინგტონს არ მოსწონდა ისლამაბადის მჭიდრო კავშირები რუსეთსა და ჩინეთთან.
აშშ-ის ხელისუფლება ხანის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და არც თავად იმრან ხანს წარუდგენია თავისი ბრალდების რაიმე სახის მტკიცებულება.
იმრანი ხანი პირველი პრემიერ-მინისტრია პაკისტანის ისტორიაში, რომელიც პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების გზით, თანამდებობიდან გადააყენეს.