კრების მონაწილე დელეგატები პრაქტიკულად სრულად არიან წარმოდგენილნი, თუმცა აქ გაცილებით მეტი ხალხია ვიდრე 12 500 ადამიანი, რომელთაც ჩვენ ველოდით. განაცხადა პარლამენტის შენობასთან მისულმა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, დღევანდელი შეკრებისათვის რიგითი მიტინგის სახე მიეცათ _ სახალხო კრება მაინც ჩატარდება.
"ჩვენ ჩავატარებთ სახალხო კრებას მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ამოცანა იყო რომ ეს ყოფილიყო რიგითი მიტინგი _ ეს იქნება კრება და მასზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, კრებაზე მისული ადამიანები უყრიან კენჭს კრების დოკუმენტებს, _ მათ შორის უნდობლობის ვერდიქტს.
"და ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ, რა ტემპებით და რა მეთოდებით გავაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ, რომ ვინც აქ ვართ არც ერთი ადამიანი დარწმუნებული ვარ უკან დახევას არ აპირებს. მე შევპირდი ჩვენს ხალხს რომ უკან არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევ და არ შევწყვეტ ბრძოლას სანამ არ მივაღწევთ იმას რასაც ამ ხელისუფლების შეცვლა ქვია", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.