საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის განმარტებით, ოლიმპიადის სოჭში ჩატარება აფხაზეთს ეკოლოგიური რისკის ქვეშ აყენებს.
სწორედ ამ მიზეზით ხსნის დარჩიაშვილი საქართველოს პარლამენტში ახალი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სწორედ 2014 წელს, სოჭში დაგეგმილი ოლიმპიადის საკითხებზე იმუშავებს.
"საკითხი არის საკმაოდ სერიოზული იმისთვის, რომ პარლამენტმა მას ყურადღება მიაქციოს. ოლიმპიური თამაშები, თავისთავად, მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ არის და თავისი მასშტაბებით პოლიტიკასთანაა კავშირში, რამდენადაც ის ხელს უნდა უწყობდეს მშვიდობასა და ხალხთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას," - განუცხადა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მაშინ, როცა ოლიმპიადა ოკუპირებული ტერიტორიების გვერდით ტარდება და რუსული მხარე ამ ტერიტორიებზე უკანონო საქმიანობას ახორციელებს, ეს რეგიონს ეკოლოგიური რისკის ქვეშ აყენებს.
"ამიტომ, აუცილებელია, პარალმენტმა შესაბამის ღონისძიებებს მიმართოს", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ახალი დროებითი კომისია, რომელიც ოლიმპიადის საკითხებზე იმუშავებს, პარლამენტში უახლოეს მომავალში შეიქმნება.