ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ერთი პირი მეორეს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელა, სადაც იყო პრაქტიკულად ახსნილი საბაზისო წესები სისხლის სამართალში.
„როდესაც ერთი პირი მეორე პირს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, თუ რა არის რეალობა საქართველოში. რეალობა არის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა. ეს არის ფაქტებით გამყარებული რეალობა. ხოლო როდესაც საწინააღმდეგოში სდებ ბრალს სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას, ძალიან თბილად რომ ვთქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფენ გამოთქმულ ბრალდებებს.