დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დაზვერვის 15 თანამშრომელი გააძევა, რომლებიც საელჩოში ფარულად მუშაობდნენ. უწყების განცხადებით, დაზვერვის თანამშრომლებმა დანია 14 დღეში უნდა დატოვონ.
"ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების სურათი მკვეთრად შეიცვალა. ამ გადაწყვეტილებით მოსკოვს ვუგზავნით მკაფიო სიგნალს, რომ პროტესტს გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის დაზვერვის ოფიცრები დანიის მიწაზე ჯაშუშობდნენ. აღნიშნული წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის, რომლის უგულებელყოფაც არ შეგვიძლია", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეპე კოფოდმა.
მისი თქმით, დანია არ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს მოსკოვთან, ამიტომ რუსეთის ელჩი და საელჩო დეპორტირებული არ იქნება.
მანამდე, რუსი დიპლომატები გააძევეს საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ. ბერლინის გადაწყვეტილებით გერმანიის დატოვება 40 რუს დიპლომატს მოუწევს, ხოლო პარიზმა 35 რუს დიპლომატს უბრძანა ქვეყნის დატოვება. რომმა 30 რუსი დიპლომატი გააძევა.
უფრო ადრე, ლიეტუვამ და ლატვიამ, ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტეს. შედეგად, რიგამ და ვილნიუსმა რუსეთის ელჩები გააძევეს და მათი ელჩები მოსკოვიდან გამოიხმეს.