ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს – ბუჩა, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე "ტვიტერზე" წერს.
"არც ერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, ეს შემზარავი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. სამძიმარს ვუცხადებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში!",- წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტული იყო რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.
რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა.
ბუჩაში რუსეთის მიერ დატრიალებული სისასტიკე მკაცრად დაგმეს დასავლეთის ლიდერებმა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ოკუპანტებისაგან გათავისუფლებული კიევის ოლქის დასახლებებში, რუსი სამხედროების მიერ დახოცილი 410 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ზოგიერთ მათგანს ზურგსუკან ხელები აქვს შეკრული და თავში აქვთ ნასროლი. ცხედრებზე ჩანს წამების კვალი.