საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი. მას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში,საჯარო სექტორში. აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მჯერა, იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. წლების წინ იგი მუშაობდა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანდელი იყო, მუშაობდა პოლონეთის საელჩოში. ბოლო წლებში იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში. მჯერა, იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი და ვუსურვებ მას წარმატებას. ჩვენ დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ სიტუაციაში საჭიროა აქტიურობა და ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად გვჭირდება შემართებით მუშაობა და ყველა საჭირო მიზნის განხორციელება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დავით ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გააგრძელებს მუშაობას.
მთავრობის მეთაურმა დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა. პრემიერმა, აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს მთავრობის სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადაიყვანოს არსებული ურთიერთობები.
ილია დარჩიაშვილი 2021 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. იქამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე საგანგებო დავალებათა ელჩი. ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.