მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ასეთი სისასტიკე ევროპაში ათწლეულებია, არ გვინახავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბუჩაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება მკვლელობა ყოვლად მიუღებელი და საშინელებაა.
მისივე თქმით, ეს სისასტიკე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ომის დასრულების აუცილებლობას.
"ასეთი სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს. ეს საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი პირები სამიზნე ხდებიან და მათ კლავენ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტულია რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.
რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა.
ბუჩაში რუსეთის მიერ დატრიალებული სისასტიკე მკაცრად დაგმეს დასავლეთის ლიდერებმა.