მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" "ქართული პარტიის" დაფუძნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, "სამართლიანი საქართველოსთვის" "ქართული პარტიის" დამფუძნებელ კრებას, კრების მიერ სამოქმედო გეგმის მიღებას და პარტიის ლიდერების არჩევას მიესალმება.
"ვულოცავთ სოზარ სუბარს ქართული პარტიის თავმჯდომარედ არჩევას. წლების განმავლობაში სოზარ სუბარი პირნათლად და უშიშრად ასრულებდა ადამიანის უფლებების დამცველისათვის კანონით დაკისრებულ მოვალეობას. მისი ომბუდსმანობის პერიოდში საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველი თავის აპარატთან ერთად იყო ის უკანასკნელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არ ემორჩილებოდა სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის უკანონო დიქტატს. სოზარ სუბარს კარგად აქვს შესწავლილი ჩვენი ერისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული პრობლემები. ის ასევე კარგად იცნობს ყველა იმ უკანონო და უსამართლო ხერხს, რომელთა მეშვეობით სააკაშვილი და მისი ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის თავკაცები ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას. მნიშვნელოვანია, რომ ქართული პარტიის სხვა ლიდერებსაც აქვთ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება და მათ კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება. ვუსურვებთ ქართულ პარტიას წარმატებას და აღვნიშნავთ, რომ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის უგუნურ, საქართველოსათვის დამღუპველ მოქმედებასთან ბრძოლა შედეგიანი იქნება მხოლოდ ყველა ჯანსაღი ძალის ერთობლივი ძალისხმევის შემთხვევაში", - აღნიშნულია ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.