1-ლი აპრილიდან ლიეტუვამ სრულად შეწყვიტა გაზის იმპორტი რუსეთიდან და გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.
ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, აპრილის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის გადამცემ სისტემას რუსეთის ფედერაციიდან გაზი აღარ შემოაქვს.
ახლა უკვე ლიეტუვა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს კლაიპედის ტერმინალის მეშვეობით ახორციელებს, რაც წინასწარი გათვლებით საკმარისი იქნება.
აუცილებლობის შემთხვაში ასევე შესაძლებელია გაზის გადაქაჩვა ლატვიიდან, 1 მაისიდან კი - პოლონეთის ინტერკონექტორის საშუალებითაც.
ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა ამ პროცესს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით გარდამტეხი მომენტი უწოდა.
გადაწყვეტილების შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამაც განაცხადა და ევროპელ კოლეგებს იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.
"ამ თვიდან ლიეტუვაში რუსული გაზი აღარ იქნება. წლების წინ ჩემმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველგვარი ტკივილის გარეშე გავწყვიტოთ ენერგეტიკული კავშირები აგრესორთან. თუ ეს ჩვენ შეგვიძლია, ამის გაკეთება დანარჩენ ევროპასაც შეუძლია", - წერს გიტანას ნაუსედა.
ლიტვა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე აქტიურად უჭერენ მხარს ევროკავშირში რუსეთის ნავთობისა და გაზის ემბარგოს.