ოფიციალური პარიზი საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას მხარს უჭერს და თბილისისსა და მოსკოვს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, სააკაშვილის აღნიშნულ ინიციატივას საფრანგეთის სახელმწოფო მინისტრი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიშელ ალიო-მარი გამოეხმაურა.
"საფრანგეთი მიესალმება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიერ სამშაბათს სატრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე საზიმოდ აღებულ ვალდებულებას არასდროს გამოიყენოს ძალა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასამყარებლად და იქ მყოფი რუსი სამხედროების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საფრანგეთი მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილის მზადყოფნას გამართოს დიალოგი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.
"აღნიშნული ვალდებულებები წარმადგენენ მკაფიო ნაბიჯს კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულის კონტექსტში, საფრანგეთი მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარეს, მიიღონ "ეს გამოწვდილი ხელი ნდობის გამოხატვით, მათ შორის პატიმრების გათავისუფლებითა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თავისუფლად გადაადგილების ნებართვით".
"საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებისკენ. იგი ასევე მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს განაახლონ დიალოგი. საფრანგეთი ყოველთვის მიესალმებოდა და პატივს სცემდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთვლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში.