„ქართული პარტია" მიზნად ისახავს სამართლებრივი რეფორმის გატარებას თითოეული ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ „ქართული პარტიის" დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა პარტიის ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა კოკა გუნცაძემ.
მან აღნიშნა, რომ „ქართულ პარტიას", ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, განზრახული აქვს ყველა იმ რეპრესიული ორგანოს ლიკვიდირება, რომელიც დღეს სააკაშვილის დიქტატურას ემსახურება. ესენი, კერძოდ, არიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ-ი), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდ-ი) და ფინანსური პოლიცია. ამასთან, პარტიას აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას.
„ჩვენ, აგრეთვე, საჯარო სკოლებში გავაუქმებთ ადმინისტრაციულ კონტროლსა და მართვას, საკანონდებლო ცვლილებების გზით მოვახდენთ მანდატურის ინსტიტუტის ლიკვიდირებას, ხელს შევუწყობთ მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორების პატივისცემის აღდგენას. კარგად გვესმის, რომ უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა დემოკრატია, თანმიმდევრული და პოზიტიური პოლიტიკის გატარება მეზობელ ქვეყნებთან, რომლებისთვისაც საქართველო უნდა გახდეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების, და არა კონფლიქტების, ცენტრი. უსაფრთხოების გარანტიებში იგულისხმება აგრეთვე კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, სახელმწიფოს მიერ თითოეული ადამიანის სოციალური დაცვა, მასმედიის თავისუფლება. მაგრამ ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ არ იარსებებს სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც, თავის მხრივ, დაცული უნდა იყოს ისეთი პოლიტიკოსებისგან, ვინც ცდილობს, ქვეყნის რესურსები პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს. ამიტომ, ჩვენი პირველი პრიორიტეტია საქართველოში სახელმწიფო ძალადობობის სამუდამოდ თავიდან აცილება და დიქტატორის ძალაუფლებისგან ქვეყნის დაცვა. ამისთვის კი საჭიროა ყველა სახელისუფლებო შტოს შეკავებისა და გაწონასწორების მყარი სისტემის ჩამოყალიბება, რაც ახალი სამართლებრივი საფუძვლების შექმნის გზით უნდა მოხდეს", - აღნიშნა „ქართული პარტიის" გენერალურმა მდივანმა.
კოკა გუნცაძემ ძირითად პრიორიტეტებს შორის დაასახელა აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, ცენტრალურ და მუნიციპალურ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილების განაწილება.
შეგახსენებთ, „ქართული პარტია" შეიქმნა ხუთი პოლიტიკური ლიდერის (სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ეროსი კიწმარიშვილი, კოკა გუნცაძე) გაერთიანების გზით.