ცნობილი რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო გმობს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, ცდილობს დისტანცირდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან.
ამ დრომდე, ნეტრებკო თავს იკავებდა რუსეთის აგრესიული ომის დაგმობისგან, რის გამოც მას არაერთმა საოპერო თეატრმა გაუუქმა კონტრაქტი.
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნეტრებკო წერს, რომ ის ცალსახად გმობს ომს და მისი ადრინდელი განცხადებები არასწორად იყო ინტერპრეტირებული. ამასთან ნეტრებკოს თქმით, ის არასდროს ყოფილა რუსეთის რომელიმე ლიდერის ან პოლიტიკური პარტიის მოკავშირე.
ნეტრებკოს მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი მხოლოდ რამდენჯერმე უნახავს.
"არასოდეს მიმიღია რაიმე ფინანსური დახმარება რუსეთის მთავრობისგან. ვცხოვრობ და ვარ საგადასახადო რეზიდენტი ავსტრიაში. მიყვარს ჩემი სამშობლო რუსეთი და ჩემი ხელოვნებით ვეძიებ მშვიდობასა და ერთიანობას. შესვენების შემდეგ, მაისის ბოლოდან გავაგრძელებ სპექტაკლებში მონაწილეობას, თავდაპირველად ევროპაში", - წერს ნეტრებკო.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერამ ანა ნეტრებკო სპექტაკლებიდან მოხსნა. ოპერის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსმა არტისტმა უარი თქვა მოთხოვნაზე, უკან წაეღო ვლადიმირ პუტინის მიმართ საჯარო მხარდაჭერა.
მანამდე, ანა ნეტრებკოსთან თანამშრომლობა ბავარიის სახელმწიფო ოპერამ შეწყვიტა.
27 თებერვალს ნეტრებკომ Instagram-ზე დაწერა, რომ საომარი მოქმედებების წინააღმდეგია, თუმცა "აიძულო არტისტები და სხვა საზოგადო მოღვაწეები საჯაროდ გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და დაგმონ თავიანთი სამშობლო - მიუღებელია!"