ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერამ რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო სპექტაკლებიდან მოხსნა.
ოპერის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსმა არტისტმა უარი თქვა მეტროპოლიტენ ოპერის მოთხოვნაზე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, უკან წაეღო ვლადიმირ პუტინის მიმართ საჯარო მხარდაჭერა.
როგორც იუწყებიან, ანა ნეტრებკო მოიხსნა აპრილსა და მაისში დაგეგმილი პუჩინის "ტურანდოტიდან" და შემდეგი სეზონის ვერდის "დონ კარლოსიდან".
"ეს არის დიდი მხატვრული დანაკარგი ჩვენი ოპერისა და საოპერო სამყაროსთვის. ანა ჩვენი ოპერის ოსტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალია, მაგრამ პუტინის მიერ უკრაინაში უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობა, სხვა გზას არ გვიტოვებს", - ნათქვამია მეტროპოლიტენ ოპერის გენერალური მენეჯერის პიტერ გელბის განცხადებაში.
მეტროპოლიტენ ოპერის გადაწყვეტილებით "ტურანდოტში" ნეტრებკოს უკრაინელი სოპრანო ლიუდმილა მონასტირსკა შეცვლის.
მანამდე, ანა ნეტრებკოსთან თანამშრომლობა ბავარიის სახელმწიფო ოპერამ შეწყვიტა.
27 თებერვალს ნეტრებკომ Instagram-ზე დაწერა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების წინააღმდეგია, თუმცა "აიძულო არტისტები და სხვა საზოგადო მოღვაწეები საჯაროდ გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და დაგმონ თავიანთი სამშობლო - მიუღებელია!"
ანა ნეტრებკო პუტინის აქტიური მხარდამჭერია.