პენტაგონი სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთის განცხადების მიმართ უკრაინაში ორი მიმართულებით საომარი აქტივობის შემცირების შესახებ.
"რუსეთის ძალების მცირე რაოდენობა კიევის შემოგარენიდან გადის, თუმცა ჯარების აბსოლუტური უმრავლესობა კიევის მიმართულებით ჯერ კიდევ იქ იმყოფება", - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
"რუსეთმა ვერ გაართვა თავი კიევის დაპყრობის ამოცანას", - აღნიშნა კირბიმ, თუმცა მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინის დედაქალაქისთვის საფრთხე აღარ არსებობს. "ჩვენ ვერ ვუწოდებთ მას უკან დახევას ან გასვლას", - დასძინა კირბიმ.
ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ რუსული მხარე გეგმავს თავისი ჯარების გადაჯგუფებას სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით. მისი თქმით, აუცილებელია მზადყოფნა უკრაინის სხვა რაიონების წინააღმდეგ რუსეთის მსხვილი იერიშებისთვის.
თურქეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიჰოვის ოლქის მიმართულებით.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, რუსეთმა კიევის ოლქიდან გარკვეული ძალების გაყვანის პროცესი დაიწყო.