სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საცდელ ობიექტის პუნგე-რის (Punggye-ri) ოთხი გვირაბის აღდგენის მიზნით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოსაცდელად ემზადება. იტყობინება სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap.
სააგენტოს წყაროს ცნობით, აღდგენითი სამუშაოები შესაძლოა, დაახლოებით 1 თვეში დასრულდეს.
მედია ჩრდილოეთ კორეაში შესაძლო ბირთვული გამოცდის გაძლიერებულ მოლოდინებს უკავშირებს ამ კვირაში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.
ექსპერტები თვლიან, რომ ფხენიანმა შესაძლოა გამოსცადოს მცირე ტაქტიკური ბირთვული მოწყობილობა, რომელიც შეიძლება დამონტაჟდეს ბალისტიკური რაკეტების ქობინებზე.
მათივე ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ გამოცდას, შესაძლოა, 25 აპრილისთვის გეგმავდეს, როდესაც კორეის სახალხო რევოლუციური არმიის დაარსების დღე აღინიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბირთვულ საცდელ ობიექტს აქვს ოთხი გვირაბი, რომლებიც ოფიციალურად დაიხურა 2018 წელს, ნგრევის სამუშაოები განხორციელდა მოწვეული უცხოელი ჟურნალისტების მცირე ჯგუფის თანდასწრებით.
ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ პირველი და მეორე გვირაბის, სადაც ადრე ჩატარდა ბირთვული გამოცდა, დაუყოვნებლივ აღდგენა რთული იქნება, ხოლო მესამე და მეოთხე გვირაბების გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა აღდგენითი სამუშაოების შემდეგ.
მანამდე, ფხენიანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ბირთვული და შორი მანძილის რაკეტების გამოცდაზე მორატორიუმის გაუქმებას აპირებს.
ბოლო ხანებია, ჩრდილოთ კორეამ გააძლიერა რაკეტების გამოცდის პროგრამა. მხოლოდ იანვარში ფხენიანმა 7 სარაკეტო გამოცდა ჩაატარა, მათ შორის ჰიპერბგერითი და საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. საერთო ჯამში, 2022 წელს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე 11 რაკეტის გაშვება დაფიქსირდა.