შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონს რუსეთში რეჟიმის ცვლილების სტრატეგია არ აქვს. ამის შესახებ ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.
სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გამოეხმაურა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა: "ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი [პუტინი] ვერ დარჩება ხელისუფლებაში".
"ვფიქრობ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა, წუხელ მკაფიოდ აღნიშნეს, რომ, პრეზიდენტ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ", - თქვა ბლინკენმა.
"როგორც მოგეხსენებათ და როგორც არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვაგან".
"ამ შემთხვევაში, როგორც ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ეხება ქვეყნის მოსახლეობას, ეს არის რუსი ხალხის გადასაწყვეტია", - დასძინა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, ვარშავაში ჯო ბაიდენმა პუტინთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში. მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განმარტა ბაიდენის განცხადება და აღნიშნა, რომ მას რუსეთში რეჟიმის ცვლილება არ მოუთხოვია.
ჯო ბაიდენის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა კრემლიც. პრესსპიკერ პესკოვის განცხადებით, [პუტინი დარჩება თუ არა ხელისუფლებაში] ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.