"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან "თეთრი ხელთათმანებით" ბრძოლას არ აპირებს. ამის შესახებ საზოგადოებისადმი ოქრუაშვილის მორიგ ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, რომელიც "ქართული პარტიის" დღევანდელ ყრილობაზე გავრცელდა.
"ჩვენ არ ვაპირებთ თეთრი ხელთათმანებით ბრძოლას იმ სიტუაციაში, როცა ასობით ჩვენი მოქალაქე ნაცემია, ათობით მოქალაქე კი ციხეში დაუმსახურებლად ზის", - აცხადებს ოქრუაშვილი.
მისი განმარტებით, "ქართულ პარტიას" კონფრონტაციის გზა არ სურს, მაგრამ "ეს გარდაუვალია".
"ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციის გზით სვლა, მაგრამ მშვენივრად ვაცნობიერებთ, რომ ეს გარდაუვალია. ჩვენ არ გვსურს ისეთი გზა, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს, მაგრამ მშვენივრად ვიცით, რომ ეს გარდაუვალია", - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.