"გასული სამი წლის განმავლობაში იყო მომენტები, როცა ვფიქრობდით, რომ პოლიტიკაში ჩვენი დრო ამოწურულია", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საზოგადოებისადმი თავის მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მისი განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, პოლიტიკაში "დაბრუნება" მას და პარტიის სხვა ლიდერებს რამდენიმე მიზეზმა ისევ გადააწყვეტინა.
"საქართველოს დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბე, ხელისუფლების ძალადობის ის ტონი, რომლითაც ის მოქალაქეებს მიმართავს, 2008 წლის სამარცხვინოდ წაგებული ომი, ხელისუფლების მხრიდან ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ ბრძოლა გვაიძულებდა, დავბრუნებულიყავით. სხვა არჩევანი არ გვქონდა, თუ არა ბრძოლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ", - განმარტავს ის.
ოქრუაშვილი "საზოგადოებისადმი ხელისუფლების ძალადობას" მოქალაქეების პასიურობის შედეგად აფასებს.
"ნუ გაგვიკვირდება ის ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება ჩვენ წინააღმდეგ მიმართავს, ეს არის შედეგი ჩვენი პასიურობისა - უნდა ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და შეგვიძლია შევცვალოთ არსებული მდგომარეობა", - ამბობს ოქრუაშვილი.