ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს არსებული რეჟიმის "დამთავრებით" ისევ იმუქრება. ახლა უკვე "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მიზნის მიღწევაში ხელს ვერაფერი შეუშლის, თუმდაც ეს სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეს.
პარიზიდან ოქრუაშვილის მორიგი ვიდეომიმართვა დღეს "ქართული პარტიის" დამფუძნებელ ყრილობაზე გავრცელდა.
"ჯი-ეიჩ-ენი" მიმართვას სრულად გთავაზობთ:
ჩვენ დავამთავრებთ ამ რეჟიმს, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს ბრძოლა. ამას მივიჩნევთ ჩვენს მოვალეობას და ამ მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ შეგვიშლის.
"ჩვენ რთული გზა განვლეთ, რომ ამ დღემდე მოვსულიყავით.
ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის სავალალო მდგომარეობა და მეორე მხრივ, ის, რომ ოპოზიცია ვერ გაერთიანდებოდა - ჩვენ გვაიძულებდა კონკრეტული ნაბიჯები გადაგვედგა.
მოლაპარაკების ყველა რაუნდის დროს არსებობდა საკითხები, რომლებსაც ჩიხში შევყავდით. მოლაპარაკების ყველა რაუნდის დროს იყო საკითხები, რომელიც ჩაშლას უქადდა ჩვენს ერთობას, მაგრამ მუდამ გვახსოვდა, რომ ჩვენ ზურგს უკან ქვეყნის ინტერესი იყო და არ გვქონდა სხვა არჩევანი, თუ არა ერთობის. მხოლოდ პირადი ამბიციების გვერდზე გადადებით გახდა შესაძლებელი, ოპოზიცია გაერთიანებულიყო და ამ ერთობით წერტილი დავუსვით იმ აზრს, რომ ეს შეუძლებელი იყო. ეს შესაძლებელი გავხადეთ სრულიად განსხვავებული ადამიანების პირობებში და ვინც დღეს ამ გუნდში ვერ მოხვდა, მხოლოდ იმიტომ, მათ საკუთარ ამბიციებს ვერ გადააბიჯეს.
დაბრაზში ბევრი ადამიანია, ვინც ამბობს, რომ არ მოსულა აქ გაჩეჩილაძის გამო, რომ მოვიდა ოქრუაშვილის გამო, ბევრია ისეთი, ვინც ამბობს, რომ არ მოსულა ოქრუაშვილის გამო და მოვიდა სუბარის გამო, ბევრია ისეთი, ვინც ამბობს, რომ არ მოსულა სუბარის გამო და მოვიდა გაჩეჩილაძის გამო... ვიდრე, ასე ვფიქრობთ, სრულყოფილად ვერ გავერთიანდებით, საკმარისად ძლიერები ვერ ვიქნებით, ვიდრე თქვენ არ შეძლებთ ამ სტერეოტიპების ერთხელ და სამუდამოდ დანგრევას, მიზანსაც ვერ მივაღწევთ.
ხშირად გვეუბნებიან, რომ ბევრი შეცდომა მოგვივიდა და ამას არ უარვყოფთ. ბევრი გავაკეთეთ, ბევრი შეგვიქმნია ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, რომ ბევრის კეთებას მუდმივად ახლავს თან შეცდომები. მაგრამ კრიტიკას ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც ცხოვრების განმავლობაში არაფერი შეუქმნიათ.
საზოგადოების ერთი მცირე ნაწილი რევანშისტებად გვნათლავს და ამბობს, თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი გვამოძრავებს. ჩვენი მოტივაცია სულ სხვაა - ისინი ცდებიან: თუ პირადად მე საქართველოში არ დავბრუნდები, რამდენადაც კარგი მამა არ უნდა ვიყო, ჩემი შვილები ქართველები არ იქნებიან. თუ მე საქართველოში არ დავბრუნდები, რამდენადაც კარგი შვილი არ უნდა ვიყო, ჩემი მშობლები გახარებულები ვერ იქნებიან. რამდენადაც კარგი მეგობარი არ უნდა ვიყო, თუ ჩვენს მიზანს ვერ მივაღწიეთ, ჩემთან მეგობრობის გამო გაუბედურებულ ადამიანებს, რომელთა ნაწილი ციხეშიც კი ზის, არაფერი ეშველება. ამის გამო ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს - ეს არაა რევანშიზმი. ეს არის ჩვენი ვალდებულება.
ძალიან ბევრია ასევე ადამიანი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ჩვენს ერთობას და მხოლოდ ერთი სურვილი აქვს - მალე დავიშალოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მათ დიდხანს მოუწევთ ლოდინი. ჩვენ შევძელით და შევქმენით საკმაოდ მყარი ერთობა, რომელიც გამარჯვებას მიაღწევს.
გასული სამი წლის განმავლობაში იყო მომენტები, როცა ვფიქრობდით, რომ პოლიტიკაში ჩვენი დრო ამოწურულია, მაგრამ საქართველოს დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბე, ხელისუფლების ძალადობის ის ტონი, რომლითაც ის საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, 2008 წლის სამარცხვინოდ წაგებული ომი, ხელისუფლების მხრიდან ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენ გვაიძულებდა, დავბრუნებულიყავით. სხვა არჩევანი არ გვქონდა, თუ არა ბრძოლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ.
ერთი მხრივ, ნუ გაგვიკვირდება ის ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება ჩვენ წინააღმდეგ მიმართავს, ეს არის შედეგი ჩვენი პასიურობისა - უნდა ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და შეგვიძლია შევცვალოთ არსებული მდგომარეობა.
ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციის გზით სვლა, მაგრმა მშვენივრად ვაცნობიერებთ, რომ ეს გარდაუვალია. ჩვენ არ გვსურს ისეთი გზა, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს, მაგრამ მშვენივრად ვიცით, რომ ეს გარდაუვალია.
არ ვაპირებთ თეთრი ხელთათმანებით ბრძოლას იმ სიტუაციაში, როცა ასობით მოქალაქე ნაცემია, ათობით მოქალაქე კი ციხეში დაუმსახურებლად ზის.
რამდენიმე თვე გვჭირდება იმისთვის, რომ გავძლიერდეთ, რამდენიმე თვე, რომ შევქმნათ ძლიერი პარტიული მანქანა და გაზაფხულისთვის ვიყოთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევისთვის მზად.
არასდროს მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ბრძოლა იქ, სადაც ჩვენ არ ვიქნებით. მე, პირადად, არასდროს მოგიწოდებთ, რომ იბრძოლოთ ისეთ დროს, როცა მე თქვენ გვერდით - საქართველოში არ ვიქნები. ეს შეგიძლიათ ჩათვალოთ ერთგვარ ტესტად, რომლითაც მუდამ შეამოწმებთ ჩემს ერთდგულებას და ჩემს თქვენთან ერთად ყოფნას.
ჩვენ დავამთავრებთ ამ რეჟიმს, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს ბრძოლა. ამას მივიჩნევთ ჩვენს მოვალეობას და ამ მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ შეგვიშლის.
თითოეულ თქვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სასწაულების მოხდება და თქვენი თანადგომის გარეშე წარტამების მიღწევა.
ჩვენ არ გვჭირდება უსაზღვრო დრო და ხალხის მუდმივად დაპირებაში ყოფნას არ ვაპირებთ. ჩვენ გვჭირდება რამდენიმე თვე, რადგან გავძლიერდეთ ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად.
თითოეული თქვენგანის ვალია გადაარჩინოს ის, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ ერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი.