შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის ანონიმურ ბრიფინგზე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ, სადაც BBC-ის ცნობით რამდენიმე სიახლის შესახებ გახდა ცნობილი.
BBC-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში პენტაგონში მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, რომ უკრაინაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, თუმცა ამჯერად ბევრი სიახლეა.
პენტაგონის განცხადებით, გამოიკვეთა ნიშნები, რომ უკრაინელები მზად არიან, დაიბრუნონ რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიები.
რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნების კონტექსტში, პენტაგონი მიანიშნებს იზიუმსა და ხარკოვში მიმდინარე ბრძოლებზე, ასევე ხერსონის გათავისუფლების მცდელობებზე.
პენტაგონის ცნობით, რუს სამხედროებს გარკვეული ლოგისტიკური სირთულეები აქვთ. კერძოდ, ვერ ამარაგებენ ხომალდებს საწვავით, შესაბამისი ეკიპირების არარსებობის გამო, რუს სამხედროებში ფიქსირდება მოყინვის შემთხვევები.
პენტაგონი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ძალების გაძლიერების მიზნით, შესაძლოა, უკრაინაში გაჩაღებულ ფრონტზე გადაისროლოს სხვა ქვეყნებსა და რუსეთის სხვადასხვა რეგიონში განლაგებული ტაქტიკური ბატალიონის ჯგუფები.
ამავდროულად, პენტაგონის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოჩნდა მკაფიო მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის არმია მიზანმიმართულად და შეგნებულად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
ასევე არსებობს სხვა მოქმედებების ნიშნებიც, რომელიც შესაძლოა დაკვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაულები.
პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსული გემები, რომლებიც აზოვის ზღვაში იმყოფებიან, მაღალი ალბათობით ბომბავენ მარიუპოლს. შავ ზღვაში რჩება 21 რუსული სამხედრო გემი.