მოლდოვის პრეზიდენტმა მიხაი გიმპუმ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რესპუბლიკის ორდენით, უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. ეს ჯილდო გიმპუმ მოლდოვაში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გადასცა.
მისი თქმით, მოლდოველ ხალხს არასდროს დაავიწყდება საქართველოს მიერ მათ მიერ გაწეული ღვაწლი.
"მოლდოვაში კომუნიზმის დრო დასრულდა და ეს ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციის გზას ადგას. ჩვენც და საქართველოსაც ერთი მიზნები გვამოძრავებს, კერძოდ ტერიტორიული მთლიანობა და ევროინტეგრაცია. მადლობა მინდა გითხრათ, ბატონო პრეზიდენტო, იმ დახმარებისთვის რომელსაც საქართველოდან ყოველთვის ვგრძნობთ. მადლობას გიხდით მოლდოველი ხალხის სახელით. ჩვენ გადმოგცემთ რესპუბლიკის ორდენს, უმაღლეს ჯილდოს, იმ თანადგომისთვის, რომელიც საქართველომ გამოიჩინა მოლდოველი ხალხის მიმართ სტიქიის დროს. არ მავიწყდება იმ ახალგაზრდა მოლდოველი ბავშვების სახეები, რომლებმაც ზაფხულში საქართველოში დაისვენეს. ბევრმა მათგანმა ზღვა პირველად ნახა და თვითმფრინავშიც პირველად იჯდა. შავი ზღვის რეგიონში გატარებული დღეებით მათ წარუშლელი შთაბეჭდილება დარჩათ. ორი ქვეყნის ურთიერთობა სწორედ ახალგზარდებს შორის ასეთ კავშირს ემყარება", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მიხაი გიმპუმ პრესკონფერენციაზე.
სააკაშვილი მოლდოვაში დღეს ჩავიდა. მისი და მოლდოვის პრეზიდენტის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.