პანდემიის დასასრულისკენ ნამდვილად მივდივართ, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ჰოსპიტალიზაცია, ასევე ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც აზარაშვილმა განაცხადა, ორშაბათიდან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მხოლოდ ნაწილი უქმდება.
„დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება. დღეს მოვხსენით შეზღუდვა ღია სივრცეებში პირბადის ტარების, ორშაბათიდან მისი გამოყენების საჭიროება აღარ იქნება. ასევე, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც პანდემიასთან იყო დაკავშირებული. დარჩა მხოლოდ რამდენიმე, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება, საზღვარზე უცხო მოქალაქეების შემოსვლისას და კიდევ რამდენიმე.
პანდემიის დასასრულისკენ ნამდვილად მივდივართ, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ჰოსპიტალიზაცია, ასევე ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევებიც. 800-ზე ნაკლებია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ჰოსპიტალში მკურნალობენ. ასევე ძალიან შემცირებულია სიკვდილიანობა. ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, წინა დღეებში იყო 8-10 შემთხვევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.