ევროპის ექვსმა ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა Twitter-ზე წერს.
"უკვე ექვსმა ქვეყანამ დაიწყო რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება: ესტონეთმა, ლიეტუვამ, გერმანიამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და შვედეთმა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, რათა დაჩქარდეს ინფორმაციებისა და მტკიცებულებების გაცვლა" - განაცხადა ვენედიქტოვამ.
გერმანიის პროკურატურამ უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიების წამოწყების შესახებ 8 მარტს განაცხადა. უნივერსალური სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, გერმანიის გენერალურ პროკურორს უფლება აქვს გამოიძიოს სამხედრო დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში.
უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულების გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისმაც დაიწყო.
შეგახსენებთ, ჰააგაში, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) რუსეთს მოსთხოვა, შეწყვიტოს 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებები. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ შეასრულებს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას და უკრაინაში საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს.