გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ კარლსრუეში, დაიწყო უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიება.
გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა გამოცემა Passauer Neue Presse-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის უზენაესი სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა პეტერ ფრანკმა გახსნა "სტრუქტურული გამოძიება".
სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, ფედერალური პროკურატურა ფლობს კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც მიანიშნებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებზე. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ ასეთი დანაშაულები კიდევ გაიზრდება.
ყოველკვირეული გამოცემა Der Spiegel-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პროკურატურა ფლობს ინფორმაციებს კასეტური ბომბების გამოყენების, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, გაზსადენების, ბირთვული ნარჩენების საცავებისა და თბოელექტროსადგურების დაბომბვის შესახებ.
გარდა ამისა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მტკიცებულებები ე.წ. სამიზნეების სიის შესახებ, რომლებიც სხადასხვა მოწმის თანახმად, შედგენილია უკრაინაში მყოფი რუსული ქვედანაყოფებისა და ჩეჩენთა დაჯგუფებების მიერ.
არსებული მონაცემებით, ამ სიებში შეყვანილია უკრაინელი მაღალჩინოსნები, რომელიც კრემლს მიზანში ჰყავს ამოღებული.
სტრუქტურული გამოძიების პირველ ეტაპზე საუბარია დოკუმენტებისა და რაც შეიძლება მეტი მტკიცებულებების მოგროვებაზე.
აღნიშნული მასალების საფუძველზე პასუხისგებაში მიეცემიან კონკრეტული ბრალდებულები.
სისხლის სამართლის კოდექსით, გერმანიის გენერალურ პროკურორს უფლება აქვს გამოიძიოს სამხედრო დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. კარლსრეუში ანალოგიური გამოძიება მიმდინარეობს სირიის რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ზოგიერთი მათგანის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.