აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიფინგზე განაცხადა.
"დიპლომატია მოითხოვს ორივე მხრიდან კეთილსინდისიერ მონაწილეობას დეესკალაციაში, მე ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის გაჩერდეს", - განაცხადა ბლინკენმა.
გუშინ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ როგორც ჩანს, პუტინს არ სურს მშვიდობა.
გასულ კვირას, მსგავსი შეფასება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. ელისეის სასახლის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონს პუტინთან სატელეფონო საუბრისას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის ომის შეჩერებას არ აპირებს.