"რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ნამდვილად არ სურს მშვიდობა და შესაძლოა მეტი სანქციები იყოს საჭირო უკრაინაში ომის დასასრულებლად", - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა.
"დღეს ჩვენ ყველანი ვესწრაფვით მშვიდობას, მაგრამ სამწუხაროდ პრეზიდენტ პუტინს არ სურს მშვიდობა", - განაცხადა დრაგიმ.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გავლენას ახდენს თავად იტალიაზეც, თუმცა მთავრობა მზად არის მათ გასამკაცრებლად.
"ამ ვითარებამ გამოიწვია მრავალი სხვადასხვა პროდუქტის მიწოდების შეფერხება, ბენზინის, დიზელის საწვავის, ელექტროენერგიის, გაზის, საკვების, მაგრამ მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს სანქციები სწორია და შეიძლება მომავალში გაძლიერდეს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. იტალიის მთავრობა მზად არის და მუშაობს ბიზნესისა და ოჯახების დასახმარებლად", - დასძინა დრაგიმ.
მანამდე იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის, აღადგინოს რუსეთს არმიის მიერ განადგურებული მარიუპოლის დრამატული თეატრი.