საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
75-წუთიანი მოლაპარაკების დეტალების შესახებ მხარეები არ საუბრობენ, თუმცა ანონიმური წყაროების მეშვეობით ზოგიერთი ინფორმაცია მაინც გამჟღავნდა.
როგორც იუწყებიან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პუტინთან საუბრისას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის ომის შეჩერებას არ აპირებს.
ამასთან, მაკრონმა და შოლცმა პუტინს ცეცხლისა და საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ლიდერების საუბრის შესახებ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა კრემლმა, სადაც აღნიშნულია პუტინის მოთხოვნები, რომელიც მან მაკრონსა და შოლცს შეახსენა. პუტინმა უკრაინა დაადანაშაულა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესის შეფერხებაში და კიდევ ერთხელ გაიმეორა კრემლის გზავნილები, რომ უკრაინა მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იყენებს ფარად.
სააგენტო AFP იტყობინება, რომ ემანუელ მაკრონმა სიცრუე უწოდა პუტინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უკრაინელი სამხედროები ადამიანის უფლებებს არღვევენ.
ამავდროულად, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა პუტინს, მოხსნას ალყა მარიუპოლს, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.
მარიუპოლი რამდენიმე დღეა რუსეთის საოკუპაციო ძალების ბლოკადისა და მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი, იწურება სურსათისა და მედიკამენტების მარაგი.
მარიუპოლის მერის მოადგილის, სერჰი ორლოვის განცხადებით, ქალაქისკენ ჰუმანიტარული დახმარების კოლონა მიემართება, რომელსაც თან ახლავს ავტობუსები, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.
ორლოვის განცხადებით, ეს მეშვიდე მცდელობაა ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა. წინა ექვსი მცდელობა ჩაიშალა, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები წინ აღუდგნენ მათ განხორციელებას.
ორლოვის თქმით, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, მარიუპოლში 2000-მდე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შექმნილი ვითარების გამო გართულებულია.