"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფის წევრ ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, "სახალხო კრება" ხელისუფლების შესაცვლელად ყველა გზას გამოიყენებს.
მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ უნდა განმეორდეს ის, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა.
"ხელისუფლებამ თავისთვის უარესი გააკეთა, როცა სპორტის სასახლესა და "ლოკომოტივის" სტადიონზე კრების ჩატარებაზე უარი განგვიცხადა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კრება პარლამენტთან გამართულიყო. სპორტის სასახლეში მხოლოდ დელეგატები იქნებოდნენ, ეხლა კი ჩვენი დანარჩენი მხარდამჭერებიც გამოვლენ აქციაზე. საზოგადოებას დიდი შანსი ეძლევა თავისი პროტესტი დააფიქსიროს, იმ მოვლენების მიმართ, რომელიც ქვეყანაში ვითარდება", - განაცხადა გაფრინდაშვილმა კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
როგორც ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება შესაცვლელად მთავარი რესურსი საზოგადოების იდეოლოგიურად ჩამოყალიბება და ბრძოლის დროს დიდი ენთუზიაზმის გამოჩენა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ 15:00 საათზე, პარლამენტის წინ "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართება.