საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის აზრით, ოპოზიციას ხელისუფლების წარმატების შურს.
სწორედ ასე შეაფასა მინაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე, ევროპარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკული განცხადებები.
"მინდა გითხრათ, რომ გუშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა - ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც სიტყვა "ოკუპაცია" ჩაიწერა. ეს არის გაგრძელება იმ ტენდენციის, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არის ქართული დიპლომატიის წარმატება. ხაზს ვუსვამ: ესაა სახელმწიფოს და არა რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმატება და ამტომაც ნუ გშურთ", - მიმართა მინაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.
მისივე განმარტებით, ევროსაბჭოს მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გუშინ მიღებული დოკუმენტი ნიშნავს, რომ "რუსეთის მცდელობა, ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოაჩინოს, ჩავარდა".
"ამის დასტურია ისიც, რომ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. მსოლფიოს 99 % კი, იძახის, რომ ეს არის ოკუპაცია და ამას არ შეეგუება", - განმარტა მან.
გარდა ამისა, მინაშვილის განმარტებით, საქართველოს საკითხის ყველა საერთაშოროსო ფორუმის დღის წესრიგში ყოფნა ნიშნავს, რომ "მთავარი პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოს დეოკუპაციაა".
"ეს არის ყველა ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის წარმატება და მართლაც მენტალური რევოლუციის შედეგი. სახელმწიფო რომ შენდება, ამას ყველა ხედავს თქვენს მეტი", - მიმართა მინაშვილმა კოლეგა ოპოზიციონერებს.