"ნაბიჯებმა, რომლებიც ჩვენ გადავდგით, საქართველოში საბჭოთა კავშირი მხოლოდ დაასრულა", _ ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებას იმის თაობაზე, რომ საბჭოთა რეჟიმისა და საქართველოს არსებული ხელისუფლების მენტალიტეტი არაფრით განსხვავდება.
"როგორც ჩანს, ნერვებმა უმტყუნა ჩვენს ოპოზიციას... თითიდან გამოწოვილი თემებით მანიპულირება არ გამოგივათ. ნამდვილად ვიცით, რა იყო საბჭოთა კავშირის დროს. თქვენს მიერ მაგალითისთვის მოყვანილი განათლების სისტემა რომ ავიღოთ: სასწავლო დაწესებულებების დაფინანსება ხდებოდა ჩაწყობით, უმაღლესში მოწყობა ხდებოდა ჩაწყობით, დღეს კი, გილოცავთ, რომ თქვენი შვილები ჩააბარებენ არა ქრთამის მიცემით, არამედ საკუთარი ცოდნით, ასევე გილოცავთ, რომ თქვენს უბანში რომელი ქურდი გაარჩევს საქმეს, არ გეცოდინებათ, ასევე გილოცავთ ბევრ რამეს, ბევრ წარმატებას", - მიმართა გაბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას.
მისივე განმარტებით, ოპოზიციას სურს გადაფაროს ის დადებითი ფონი, რომელიც საქართველოს თავისი გატარებული რეფორმების წყალობით აქვს.
"თქვენ ცდილობთ გამოხვიდეთ აბსურდული განცხადებებით, თითქოს განათლების სისტემაში გადადგმული რეფორმები არის საბჭოთა რეფორმები, მაგრამ სახელმძღვანელოების, ცოდნის ამაღლების და სხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ასრულებს საბჭოთა კავშირს. ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, მხოლოდ კავშირის გაწყვეტის გზაა საბჭოთა კავშირთან", - დასძინა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები წარუმატებლად შეაფასეს, რის მაგალითადაც განათლების სისტემაში გატარებული ცვლილებები დაასახელეს.