თურქმენეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა გაიმარჯვა.
სერდარ ბერდიმუჰამედოვი არჩევნებში მმართველი დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყო.
თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 73% მიიღო.
საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 97%-ზე მეტი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა ასეთი მაღალი აქტივობა სულაც არ არის უცნაური თურქმენეთის რეალობის გათვალისწინებით. წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებშიც ამომრჩეველთა დაახლოებით ეს რაოდენობა იღებდა მონაწილეობას.
არჩევნებში სულ ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან რვამ მიიღო ხმების 1%-დან 2,2%-მდე.
პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა.
თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, ყველასთვის მოულოდნელად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ 11 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, დროა ქვეყნის მართვის სადავეები ახალგაზრდა ლიდერს გადაეცეს.
მიუხედავად უზარმაზარი ბუნებრივი რესურსებისა, თურქმენეთი ბოლო წლებია მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია, ძირითადად ბერდიმუჰამედოვის მმართველობის არაეფექტურობის გამო, რომელიც ბოლო 15 წელია საკუთარი პიროვნების კულტის შექმნით არის შეპყრობილი.
ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტად 15 წლის წინ, პირველი პრეზიდენტის საფარმურად ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წლის დეკემბერში აირჩიეს. 2017 წლის 12 თებერვალს ბერდიმუჰამედოვი აირჩიეს მესამე შვიდწლიანი ვადით, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულებულიყო.
დამოუკიდებლობის წლებში თურქმენეთში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.