თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას "დოიჩე ველე" თურქმენეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 12 მარტს გაიმართება.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამ განცხადებას წინ უსწრებდა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის განცხადება იმის თაობაზე, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს.
როგორც იუწყებიან, 11 თებერვალს გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პარლამენტის ზედა პალატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დროა, საპრეზიდენტო პოსტი ახალგაზრდა ლიდერს დაუთმოს.
"მე მხარს ვუჭერ იმ აზრს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე სახელმწიფო მმართველობისკენ მიმავალი გზა უნდა მიეცეს ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც აღიზარდნენ სულიერ გარემოში და ჩვენი დროის მაღალი მოთხოვნების შესაბამისად", - თქვა ბერდიმუჰამედოვმა.
გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, რომელიც 15 წელია თურქმენეთს განაგებს, ასევე არის მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
საპრეზიდენტო არჩევნები თურქმენეთში 2024 წელს იყო დაგეგმილი.
ანალიტიკოსები და მედია ვარაუდობს, რომ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თავისი ერთადერთი ვაჟის, სერდაერ ბერდიმუჰამედოვის გაპრეზიდენტება აქვს განზრახული. 2021 წლის თებერვალში ბერდიმუჰამედოვმა თურქმენეთში ვიცე-პრემიერის ახალი პოსტი შექმნა და ამ თანამდებობაზე თავისი 39 წლის ვაჟი დანიშნა.
მიუხედავად უზარმაზარი ბუნებრივი რესურსებისა, თურქმენეთი ბოლო წლებია მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია, ძირითადად ბერდიმუჰამედოვის მმართველობის არაეფექტურობის გამო, რომელიც ბოლო 15 წელია საკუთარი პიროვნების კულტის შექმნით არის შეპყრობილი.
ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტად 15 წლის წინ, პირველი პრეზიდენტის საფარმურად ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წლის დეკემბერში აირჩიეს. 2017 წლის 12 თებერვალს ბერდიმუჰამედოვი აირჩიეს მესამე შვიდწლიანი ვადით, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
დამოუკიდებლობის წლებში თურქმენეთში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.