ოპოზიციონერ დეპუტატ გურამ ჩახვაძის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირებს ფართების დაკანონების პრობლემა ექმნებათ.
ამის შესახებ ჩახვაძემ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე განაცხადა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ კობა სუბელიანს აღნიშული პრობლემის მოგვარებისკენ სწორედ საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუწოდა.
"მისასალმებელია ის კანონი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს შეღავათებს უწესებს, მაგრამ ბევრი დევნილი ამით ვერ ისარგებლებს, რადგან ქონებას ვერ იკანონებენ. მე, დიღომში, ერთ-ერთ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ კობა სუბელიანს დანაპირები, რომელიც მან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ჯერ კიდევ ადგილობრივ არჩევნებამდე მისცა, ისევ არ შეუსრულებია. ამ ტრიბუნის გამოყენებით, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მინისტრს, რომ პირობა შეასრულოს და დევნილებს ქონების დაკანონებასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეექმნას", - განაცხადა ჩახვაძემ.
მისივე განმარტებით, ის ამ საკითხს "იქამდე მიყვება, ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება".
შეგახსენებთ, რომ ახალი კანონით, დევნილები სახელმწიფოს მიერ მათ საკუთრებაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, მოგების გადასახადისგან თავისუფლდებიან.