თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 2577 საარჩევნო უბანი გაიხსნა, კენჭისყრა 19:00 საათზე დასრულდება.
მედიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე ეწყობა პოპულარული მომღერლების, ბახში-მუსიკოსების და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენები.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თურქმენეთის პრეზიდენტობის სულ ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი კანდიდატურა დაასახელა. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებმა ექვსი კანდიდატი წარადგინეს.
პრეზიდენტობის ერთადერთ რეალურ კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი მიიჩნევა.
თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ 11 თებერვალს განაცხადა.
მიუხედავად უზარმაზარი ბუნებრივი რესურსებისა, თურქმენეთი ბოლო წლებია მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია, ძირითადად ბერდიმუჰამედოვის მმართველობის არაეფექტურობის გამო, რომელიც ბოლო 15 წელია საკუთარი პიროვნების კულტის შექმნით არის შეპყრობილი.
ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტად 15 წლის წინ, პირველი პრეზიდენტის საფარმურად ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წლის დეკემბერში აირჩიეს. 2017 წლის 12 თებერვალს ბერდიმუჰამედოვი აირჩიეს მესამე შვიდწლიანი ვადით, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულებულიყო.
დამოუკიდებლობის წლებში თურქმენეთში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.