"საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის წარმატებულია", - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა, ევროპარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"მინდა საზოგადოებას მივულოცო ის ფაქტი, რომ საქართველოს მიმართ უცხოეული პარტნიორების და მეგობრების ყურადღება ძალიან მაღალია. მაგრამ ამავდროულად, შევახსენებ ხელისუფლებას და უმრავლესობას პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის იმ ნაწილს, როცა ის რეფორმებზე საუბრობდა. რეფორმები კი მიმდინარეობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ ნიშნავს ეს მის წარმატებულობას. ეს არის პროცესი, რომელიც ან წარმატებულად დასრულდება, ან წარუმატებლად. ჩვენ სახეზე გვაქვს უამრავი წარუმატებელი რეფორმა და უამრავი დაშვებული შეცდომა საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სოციალურ სისტემაში. მარტო ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი", - განაცხადა ახვლედიანმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, "ვარდების რევოლუციის" მე-7 წლისთავზე საქართველოს ხელისუფლება უცხოელი პარტნიორებისთვის "თვალებში დიდი დოზით ნაცრის შეყრას" ცდილობს".
"როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი რეფორმატორები ვართ, გვავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში არიან ჩარეცხილი პენსიონერები, და ხელისუფლების პენსიონერები... ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვართ დემოკრატიის შუქურები, მაგრამ დემოკრატიის ხარისხმა, ბოლო პერიოდში, კატასტროფულად დაიწია... ეს არის ის რეალობა, რომელმაც ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი გახადა. 4 -მილიონიან ქვეყანაში 2 მილიონი შიმშილით კვდება", - განმარტა ახვლედიანმა და აქვე დასძინა, რომ "ეს რეალობა სწორედ პიარაქციებზე ორიენტირებამ და უცხოელი პარტნიორებისთვის თვალებში ნაცრის შეყრამ განაპირობა".