საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საბჭოთა მენტალიტეტიდან ქართველი ხალხი გამოვიდა, ხელისუფლება კი - ვერა.
"პრეზიდენტმა გუშინდელ გამოსვლაში მენტალიტეტის ცვლილებებზე გააკეთა განცხადება. ხალხი კი გამოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ გამოვიდა და ამის დასადასტურებლად უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. სწორედ ამ მენტალიტეტის შედეგია, ხანდახან, ის გაუაზრებელი რეფორმები, რომელიც თავისი უსუსურობით ძალიან გავს საბჭოთა რეფორმებს", - განაცხადა ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე და აქვე აქცენტი განათლების სისტემაში ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, სააკაშვილის, როგორც ევროპარლამენტის არაწევრი ქვეყნის პრეზიდენტის, ორგანიზაციის სესიაზე გამოსვლა მისასალმებელია, თუმცა ეს "სატრაბახოდ არ უნდა გავიხადოთ".
"ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილის გამოსვლას იყენებენ და ამით ტრაბახობენ. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, როგორი მაგარი პრეზიდენტი გვყავს, არამედ იმაზე, რომ ეს არის წახალისება და თუკი განვითარების იმ გზით არ წავალთ, რომელსაც ევროპელები გვთავაზობენ და არ შევასრულეთ ყველა რეკომენდაცია, აღმოვჩნდებით ჩიხში და ეს არავის არ წაადგება", - განმარტა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამეტის წინაშე სიტყვით გუშინ, რიგით მეორედ გამოვიდა.