"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარლამენტში სამთავრობო საათის დანიშვნას ითხოვს.
შესაბამისი ინიციატივა ბაღათურიამ დღევანდელ სესიაზე დააყენა და მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
"მთავრობა მესამე თვეა სხვადასხვა მიზეზით არ ცხადდება სამთავრობო საათზე. ხვალ არის თვის ბოლო ხუთშაბათი და გთხოვთ, შეიტანეთ დღის წესრიგში, სამთავრობო საათის დანიშვნის საკითხი. ეს არის უპატივცემულობა პარლამენტის ინსტიტუტის მთავრობის მხრიდან", - განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე განმარტებით, მას სამთავრობო საათზე შესაბამისი კომპეტენციის მინისტრებისგან პენსიებთან დაკავშირებული პრობლემების და იმ ინიციატივის განხილვა სურდა, რომელიც მოქალაქეებისთვის გაზისა და წყლის დავალიანების შემთხვევაში, ელექტროენერგიის გათიშვასაც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ბაღათურიას მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სხდომაზევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, თვის ბოლო ხუთშაბათია, სასესიო დღე არ არის, რის გამოც სამთავობო საათის დანიშვნა ვერ მოხდება".