ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ საქართველოს საკითხზე დოკუმენტი ევროსაბჭომაც მიიღო. ევროსაბჭოს იმ ქვეყნების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომლებიც, ამავე დროს, ევროკავშირის წევრნი არიან, 5-პუნქტიანია და ის ცხინვალსა და სოხუმში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ეხება.
"ოკუპირებულ რეგიონებში უნდა მოხდეს საერთაშორისო მისიების დაშვება", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნულს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და ფიქრობს, რომ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით საერთაშორისო პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირება, მოსკოვზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.
"ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. იმედი გვაქვს, ეს მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს რუსეთზე, როგორც ევროსაბჭოს შიგნით, ისე მთლიანად საერთაშორისო მასშტაბით", - განუცხადა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს.