შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს წევრებს აქვთ უფლება, მიაწოდონ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები.
"ამას მწვანე შუქი აქვს", - თქვა ბლინკენმა "Face the Nation"-თან ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, შეეძლო თუ არა პოლონეთის მთავრობას, უკრაინაში გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა.
"ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტენ უკრაინელებისთვის. რისი გაკეთება შეგვიძლია? როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ, რათა დარწმუნდნენ, რომ გადაცემული თვითმფრინავების სანაცვლოდ, შეავსებენ იმ რაოდენობას, რაც დააკლდებათ", - განაცხადა ბლინკენმა.
ამავდროულად, პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
მანამდე, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ პოლონეთთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას.
თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა არის "სუვერენული გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია" და აღნიშნა, რომ ბევრი ლოგისტიკური საკითხის დამუშავებაა საჭირო, კერძოდ, როგორ მოხდება თვითმფრინავების პოლონეთიდან უკრაინაში გადაყვანა.
უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, უკრაინა მიიღებს მოიერიშე თვითმფრინავებს პოლონეთიდან "რაც შეიძლება მალე".
სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას რამდენიმე დღეა ითხოვს უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი. გუშინ ეს თხოვნა მან ამერიკელ სენატორებთანაც გაიმეორა.
როგორც იუწყებიან, სენატორებთან საუბრისას, ზელენსკიმ მიანიშნა, რომ პოლონეთი მზადაა უკრაინისთვის თვითმფრინავების გასაგზავნად, თუმცა ამისთვის აშშ-ის თანხმობას ელის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების МиГ-29-ის ტიპის მოიერიშეების გადაცემას განიხილავს. სანაცვლოდ, ვარშავა ვაშინგტონისგან F-16 ტიპის გამანადგურებლებს მოელის.