უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინპლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, ამერიკელ სენატორებს ესაუბრა.
ონლაინშეხვედრა ვაშინგტონის დროით 09:30 საათზე დაიწყო და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც იუწყებიან, ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებთან საუბრისას არასაფრენი ზონის გამოცხადება და რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესება ითხოვა.
ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს მოუწოდა, უფრო მკაცრი სანქციები დაუწესონ რუსეთს, მათ შორის ენერგეტიკულ სფეროში. ამასთან, უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების გაწევის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს აქამდე გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი დახმარებაა საჭირო, რადგან აგრესორთან გამკლავება მეტ სიმტკიცეს მოითხოვს.
ზელენსკიმ სთხოვა სენატორებს, მხარი დაუჭირონ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას და ყველა კომერციული ტრანზაქციის შეჩერებას, როგორებიცაა Visa da Mastercard-ი.
ამავდროულად, მან ამერიკელ სენატორებს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უკრაინა განაგრძობს ბრძოლას, თუმცა მას თვითმფრინავები სჭირდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკისგან სამხედრო თვითმფრინავები მოითხოვა.
"მან სასოწარკვეთით გვთხოვა სამხედრო თვითმფრინავები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ ადმინისტრაციას მიაწოდოს უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები,"- თქვა შუმერმა.