აშშ პოლონეთთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას. ინფორმაციას ადასტურებს თეთრი სახლის პრესსპიკერი.
ქვეყნები სწავლობენ, თუ როგორ დაეხმარება ვაშინგტონი ვარშავას, თუ ის უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტს.
სპიკერმა თქვა, რომ უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა არის "სუვერენული გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია" და აღნიშნა, რომ ბევრი ლოგისტიკური საკითხის დამუშავებაა საჭირო, კერძოდ, როგორ მოხდება თვითმფრინავების პოლონეთიდან უკრაინაში გადაყვანა.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას 70-მდე საბჭოთა წარმოების სამხედრო თვითმფრინავებს МиГ-29-ს გადასცემდნენ. ამ მიზნით, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, უკრაინელი პილოტები პოლონეთში ჩავიდნენ, რათა მიეღოთ მოიერიშეები.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნები თავს იკავებდნენ სამხედრო თვითმფრინავების გადაცემისგან.
სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას რამდენიმე დღეა ითხოვს უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი. გუშინ ეს თხოვნა მან ამერიკელ სენატორებთანაც გაიმეორა.
როგორც იუწყებიან, სენატორებთან საუბრისას, ზელენსკიმ მიანიშნა, რომ პოლონეთი მზადაა უკრაინისთვის თვითმფრინავების გასაგზავნად, თუმცა ამისთვის აშშ-ის თანხმობას ელის.
ფოტოზე: პოლონეთის საჰაერო ძალების МиГ-29