რუსული მედია იტყობინება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში შეტევითი მოქმედებები განახლდება.
"მარიუპოლისა და ვოლნოვახის უსაფრთხოების დერეფნებიდან ვერც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ვერ გავიდა, ნაციონალისტურმა ბატალიონებმა "დუმილის რეჟიმი" თავიანთი პოზიციების გასამაგრებელად გამოიყენეს.
უკრაინულმა მხარემ არ მოისურვა "დუმილის რეჟიმის“ გაგრძელება, 18 საათიდან (უკრაინის დროით 17 საათიდან) შეტევითი მოქმედებები განახლდება", - აცხადებენ ოკუპანტების თავდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, დღეს, 5 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში 10:00 საათიდან "დუმილის რეჟიმი" გამოაცხადა. მარიუპოლსა და ვოლნოვახაში უნდა შექმნილიყო ჰუმანიტარული დერეფნები, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდებოდა. ასევე ქალაქში შევიდოდა საკვები პროდუქტები და მედიკამენტები. თუმცა მალევე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან "დუმილის რეჟიმის" დარღვევის გამო მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია შეწყდა.
ის, რომ მარიუპოლიდან და ვოლოვახიდან მოსახლეობის ევაკუცია ვერ განხორციელდა, წითელი ჯვრის კომიტეტმაც დაადასტურა, რომელიც ჩართული იყო ჰუმანიტარული დერეფნების ამოქმედების მედიაციაში.
მანამდე, უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით, მარიუპოლიდან დაახლოებით 200 000 ადამიანის, ვოლნოვახადან კი 15 000 ადამიანის ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო.