უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ დაადასტურა, რომ დგინდება ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის დრო.
მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ჰუმანიტარული დერეფნები შესაძლებლობას მისცემთ ქალაქი საკვებითა და მედიკამენტებით მოამარაგონ.
"ეს მოგვცემს შესაძლებლობას დავიწყოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტრის აღდგენა - ელეტროენერგიის, წყლის, მობილური კავშირის. ასევე შეიქმნება შესაძლებლობა მარიუპოლი მოვამარაგოთ საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით“, - განაცხადა მერმა.
მარიუპოლის მერის მოადგილე სერჰი ორლოვი ამბობს, ქალაქის ადმინისტრაციამ 50 ავტობუსი მოამზადა ევაკუაციისთვის. ავტობუსები ქალაქის სამ სხვადასხვა ნაწილში განლაგდებიან.
ორლოვის გათვლებით, ავტობუსებით დაახლოებით 6000-მდე ადამიანის ტრანსპორტირებას მოახდენენ.
"მატარებლები არ დადიან, რადგან სარკინიგზო ინფრასტრუქტურა რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს. რუსული მხრიდან ჯერ არ გვაქვს გარანტია, რომ ცეცხლის შეწყვეტა ხვალ გაგრძელდება. ამაზე ახლა ვმუშაობთ", - დასძინა ორლოვმა.
მოსახლეობას ასევე განუცხადეს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი ტრანსპორტი.
მთლიანობაში, უკრაინა მარიუპოლიდან 200 000-მდე ადამიანის ევაკუაციას გეგმავს, ვოლნოვახიდან კი დაახლოებით 15 000-მდე.
მარიუპოლი რამდენიმე დღეა ბლოკირებულია რუსული ძალების მიერ. ცეცხლის შეწყვეტა ასევე იმოქმედებს პატარა ქალაქ ვოლნოვახას გარშემო.
კრემლის საოკუპაციო ძალებისთვის მარიუპოლის ხელში ჩაგდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ის შეძლებს, უზრუნველყოს სახმელეთო დერეფანი ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ დონეცკის "რესპუბლიკას" შორის.