საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელ ლევან ვეფხვაძეს ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება სულაც არ სურს.
"სამწუხაროა, რომ დღემდე ვსაუბრობთ ფორმაზე, თუ როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვსაუბრობთ იმაზე, რა გადაწყვეტილება მივიღოთ. როგორც ჩანს, თავად ხელისუფლება არ არის დაინტერესებული პროცესის მოკლე ვადებში გადაწყვეტაზე", - განუცხადა ვეფხვაძემ ჟურნალისტებს.
მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი, რეალურად, ჯერ არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა დღეს, ცესკოში, 15:00 საათზე გაიმართება.